სტიქია თბილისში

აშშ: მზად ვართ, საქართველოს მთავრობას აღდგენით სამუშაოებში დავეხმაროთ

EPA

საქართველოს თავს დამტყდარი სტიქიური უბედურების გამო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თანაგრძნობა გამოხატა. უწყების წარმომადგენელმა ჯეფ რათკემ ბრიფინგი სწორედ ამ განცხადებით დაიწყო.

"შეწუხებულები ვართ კატასტროფული წყალდიდობით, რომელიც საქართველოში, თბილისში გასულ უქმეებზე მოხდა. გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. შეერთებული  შტატები, როგორც მეგობარი და პარტნიორი, იქნება ქართველი ხალხის გვერდით. შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები უკვე მონაწილეობენ გაწმენდით სამუშაოებში, შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს მთავრობას აღდგენით სამუშაოებში დაეხმაროს" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 19 ადამიანი იმსხვერპლა, აქედან იდენტიფიცირებულია 17. ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.  

კომენტარები