სტიქია თბილისში

მერია: დედაქალაქის გზებზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის გზებზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია. თვითმმართველობის ორგანოს ცნობით, ქუჩების მორეცხვის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები დროებით შენარჩუნებულია თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე; კოსტავას ქუჩიდან (საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან) ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსსა და გმირთა მოედანზე შესასვლელ მონაკვეთზე; მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე.

"დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული; აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით; მოძრაობა აღდგენილია 26 მაისის მოედნის მხრიდან გვირაბის გავლით მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროდან გვირაბის გავლით 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩით გმირთა მოედნისაკენ მიმავალ გზას, აქ მოძრაობა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი: ფილარმონიიდან ვარაზისხევის, ფილარმონიიდან მარჯვენა სანაპიროს, ფილარმონიიდან თამარ მეფის გამზირისა და ფილარმონიიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

მარჯვენა სანაპიროდან, ასევე, დასაშვებია მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

აღდგენილია მოძრაობა გალაქტიონ ტაბიძის ხიდის მხრიდან გმირთა მოედნისკენ გადამავალ ესტაკადაზე, ასევე, გმირთა მოედნის მხრიდან მარჯვენა სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით გადამავალ ესტაკადაზე", - აცხადებს თბილისის მერია.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, შვიდი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები