საარჩევნო სისტემა

უსუფაშვილი: „კარზე მომდგარი“ არჩევნების წინ სისტემის შეცვლა არასასურველია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა „კარზე მომდგარი" საპარლამენტო არჩევნების წინ მიზანშეწონილი არ არის.

"კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები არ არის სასურველი. ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, ყველა მოვემზადოთ. ასეთი რეფორმები საჭიროებს გააზრებას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. "შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წლის არჩევნებისთვის კი მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია ისე, რომ დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაამკვიდრებს პროპორციულ არჩევნებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის და ასევე პარალელურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არსებული პრობლემები დიდწილად მოგვარდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც დაინტერესებულია არჩევნებით, რომ ამ გეგმას მხარი დაუჭირონ.

შევგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 28 მაისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა. სასამართლსო გაბნმ,არტებთ, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად "ფასობდა" ვიდრე მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

კომენტარები