ელექტრონული მუსიკა საქართველოში

INPUT-ის ერთი წელი ანუ Ostgut Ton და Dystopian საქართველოში

საქართველოში ელექტრონული მუსიკის ბუმია - ამ ფრაზას ბოლო ორი წლის მანძილზე სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად გაიგონებდით. რაც მთავარია, ეს ფრაზა გადაჭარბებული არ არის და საქართველომ ბოლო წლებში ათეულობით ტოპ, აქტუალურ, მუსიკოსს უმასპინძლა, ამაში უდიდესი წვლილი კი კომპანია INPUT-ს მიუძღვის.

INPUT პრომოუტერული კომპანიაა, რომელსაც ერთი წელი შეუსრულდა და ამ ერთი წლის მანძილზე მათი პატრონაჟით საქართველოს (ყველაზე ხშირად თბილისში) Ben Klock, Answer Code Request, Rodhad, Nick Hoppner, Recondite და კიდევ ათეულობით არტისტი ეწვია. ის მუსიკოსები, რომლებიც დღეს ევროპულ კლუბურ სამყაროში, განსაკუთრებით ბერლინში, ამინდს ქმნიან.
INPUT-ის სცენაზე გამოჩენამდე ქართული კლუბური სამყარო ლეიბლ Kompakt-ის გავლენის ქვეშ იყო, თბილისში ჰაუს მუსიკა დომინირებდა. უცხოელი, გავლენიანი არტისტები თბილისში ჩამოდიოდნენ, ოღონდ ამას ყოველკვირეული სახე არ ჰქონდა და, როგორც წესი, ფესტივალებსა ან რომელიმე კონკრეტულ წვეულებებზე ხდებოდა. INPUT-მა „კარიერა" კლუბ ვიტამინი კუბებში დაიწყო. სადაც მთელი სეზონის, ყოველკვირეული ლაინაფი გამოაქვეყნეს და ქართველ მსმენელს მუსიკალური მრავალფეროვნება შესთავაზეს. კლუბი მსმენელს საშუალებას აძლევდა, სხვა შემსრულებლებთან ერთად, როგორც ტექნო არტისტების (Rodhad, Shifted), ასევე Ostgut Ton-ის (nick hoppner,rian elliott) ცნობილი სახეების ჰაუს მუსიკა მოესმინა.

INPUT-ის მეორე სახლად Bassiani იქცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბერგჰაინის რეზიდენტები Ben Klock, Answer Code Request, Boris, ელექტრონულ მუსიკაზე ყველაზე გავლენიანი გამოცემის resident advisor-ის მიხედვით გასული წლის საუკეთესო ალბომის ავტორი Andy Stott, საუკეთესო ლეიბლის Giegling-ის სულისჩამდგმელი Konstantin და საუკეთესო ცოცხლად შემსრულებელი Recondite ჩამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ INPUT-მა არაერთი პოპულარული და ცნობილი არტისტი ჩამოიყვანა, ძალიან ხშირად სცენას არაკომერციულ, ნაკლებად ცნობილ არტისტებს უთმობენ და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი Abdulla Rashim-ია. შვედი არტისტი, რომელიც Northern Electronics-ის დამფუძნებელია. ის თბილისს შარშან ეწვია და დღეს უკვე მისი ლეიბლი, არაერთი გამოცემის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია და არაერთ საინტერესო მუსიკოსს აერთიანებს. თბილისში ჩამოვიდნენ ასევე ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული ლეიბლის Dystopian-ის (Rodhad-ის მიერ დაარსებული ლეიბლის) ვარსკვლავები Alex.Do და Vril (ეს პროდიუსერი ასევე Giegling-ის სახლის წევრიცაა). 

მიუხედავად მუსიკალური მრავალფეროვნებისა, INPUT-მა საკუთარი ხაზი შექმნა, რომელიც ტექნო-ჰაუსის საზღვრებს არ გასცდენია. ამ ყველაფერმა სხვა ქართველ პრომოუტერებზეც გავლენა იქონია და ქართული კლუბური ცხოვრება შეიცვალა. დღეს მსმენელმა, რომელიც კლუბში მიდის (საუბარია დიდ ქართულ კლუბებზე), მიუხედავად არტისტისა, მეტ-ნაკლებად იცის რა სტილის მუსიკა დახვდება იქ. უფრო გახშირდა უცხოელი არტისტების საქართველოში ჩამოსვლა და კლუბებში მუსიკის ხარისხი და მსმენელის მოთხოვნა საგრძნობლად ამაღლდა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ქართველი შემსრულებლების განვითარებასა და ახალი არტისტების გამოჩენას უწყობს ხელს და ბოლო წლებში თბილისის სცენაზე არაერთი საინტერესო ადგილობრივი მუსიკოსი გამოჩნდა, რომლთა ტრეკებიც უკვე უცხოურ ლეიბლებზე გამოიცემა.

კომენტარები