პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150-მილიონიან გრანტს გამოუყოფს

გიორგი მარგველაშვილი; იოჰანეს ჰანი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150-მილიონიან გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ დადებითი შედეგები ექსპორტის კუთხით შეინიშნება. იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ბოლო პერიოდში ექსპორტი ევროკავშირში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზდილია.

"ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა და ბიზნეს-საზოგადოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები იმისთვის, რომ მათ უფრო კარგად უპასუხონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნას. ჩვენ საქართველოს უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150 მილიონიან გრანტს გამოვუყოფთ. ვფიქრობ, რომ ეს წაახალისებს და დაეხმარება თქვენს ეკონომიკას", - თქვა ჰანმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, "ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის გეგმა, თუ როგორ უნდა მოახდინოს ღრმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო შეთანხმებამ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებასა და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა პოზიტიურ ფორმატში ვითარდება. საქართველოს მაგალითი ძალიან კარგი მესიჯია, როგორ შეიძლება, იყოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი ამ პროცესში ჩართული ქვეყნებისთვის მომგებიანი. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან აქტიურები ვართ, ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მიაღწიონ ამ მიზანს. ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო და იმ რეფორმებზე ორიენტირებული პოზიტიური ანგარიში, რომლებიც უნდა გავატაროთ. მე მჯერა, რომ ამ ანგარიშის პუნქტებზე ინტენსიური ორიენტირების შედეგად ამ ასპექტში პოზიტიურ შედეგებს მივაღწევთ."

პრესკონფერენციამდე კი მარგველაშვილი და იოჰანეს ჰანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მათ მომავალი რიგის სამიტის, ასევე ასოცირებისა და ღრმა და ყოვლილმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების იმპლემენტაციის შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ის დღეს შეხვედრებს ევროპარლამენტში გამართავს და საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვითაც გამოვა. გიორგი მარგველაშვილი NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ბელგიის მეფე ფილიპსაც შეხვდება.

კომენტარები