სამთავრობო ცვლილებები

ბიბილაშვილი: თუ ივანიშვილის პოლიტიკა არ შეიცვალა, არ შეიცვლება შედეგიც

არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა მინისტრები შეიცვალონ, ვიდრე არ შეიცვლება ის იდეოლოგია, რომელსაც განასახიერებს ივანიშვილი და ვიდრე ამ ქვეყნის რეალური მმართველი იქნება ივანიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი: 1. არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ივანიშვილმა გამოაქვეყნა თავისი სტატია, სადაც ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი ხედვა აფხაზეთის პრობლემატიკასთან და რუსეთთან ურთიერთობაზე. იქ მოცემული იყო ყველა ის პოლიტიკური კლიშე, რომელსაც ითხოვდა რუსეთი ჩვენგან და რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებდით. საუბარი იყო იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პრობლემები იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომელთა ფესვები მიდიოდა საუკუნეებით უკან. ეს ხედვა არ შეცვლილა. 2. ძალიან კომიკურია, როცა მოსახლეობა ღარიბდება და ჩვენ კი ვცვლით იმ სამ მინისტრს, რომელსაც ვცვლით. ძალიან რთულია აქ დაიჭირო ლოგიკა, თუ არა ის, რომ მართლა ყურადღება გადაიტანო სხვა რაღაცაზე, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი. ეკონომიკაშიც კი, თუნდაც შეეცვალათ ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ჩემი აზრით, არაფერს ეს არ შეცვლიდა.ვინაიდან ეკონომიკური გუნდის მინისტრები თავისთავად არ წარმოადგენენ პრობლემას, ისინი არ განსაზღვრავენ პოლიტიკას. ისინი არიან ნაყოფი იმ პოლიტიკის, ხედვისა და იდეოლოგიის, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას და პირადად ივანიშვილს. თუ ეს პოლიტიკა არ შეიცვალა, არ შეიცვლება შედეგიც.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები