პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლის შემდეგ, "რესპუბლიკელების წონა გაიზარდა". როგორც ნოდიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, ეს არის "რაოდენობრივი თვალსაზრისითაც", რადგან რესპუბლიკელების შესაძლო გასვლა საფრთხეს შეუქმნის საპარლამენტო უმრავლესობას. ნოდიას შეფასებით, ამის გარდა, რესპუბლიკელები "ასე თუ ისე დასავლეთთან ლაპარაკის უნარის მქონე ადამიანები არიან" და ისეთი რეპუტაციის ხალხი, ვისაც დასავლეთშიც იცნობენ და საქართველოშიც პროდასავლურ ორიენტაციასთან ასოცირდებიან.
"ამიტომ, მათი ღირებულება გარკვეულად გაიზარდა. ვფიქრობ, მხოლოდ რესპუბლიკელების მომადლიერებით არ აიხსნება ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა. ეს არის უბრალოდ რაღაც განათება ჩვენ სტრატეგოსის გონების - აი, ეს კარგი იქნებოდა და ტაქტიკური თვალსაზრისით მართლაც მომგებიანი ნაბიჯია დღევანდელ ვითარებაში. ამით, ალასანიას პარტია დაასუსტა, რადგან მისი ძირითადი ნარატივი სწორედ თავდაცვის მინისტრის ვინაობაზე იყო აგებული, რომ მისი [ირაკლი ალასანიას] წასვლის შემდეგ შეუდგა წყალი ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციას. ამის თქმა ახლა უფრო გაუძნელდება. საზოგადოების ე.წ შუაშისტურ ნაწილშიც შეიძლება გაიზარდოს სიმპათიები" - განაცხადა ნოდიამ და აღნიშნა, რომ " სტრატეგიულად დიდად მნიშვნელოვანი პოზიტიური რამ არ მომხდარა - არც რესპუბლიკელებისთვის და არც კოალიციაში".





