თავდაცვის სამინისტრო

ხიდაშელი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ NATO-ში ინტეგრაცია დავაჩქაროთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. კაპანაძის თქმით, თინა ხიდაშელს არ გაუჭირდება თანამდებობის გაძღოლა. გენერალური შტაბის უფროსი უახლოეს დღეებში თურქეთში მიემგზავრება. მისი მეორე შეხვედრა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან ვიზიტის დასრულების შემდეგ შედგება.

თინა ხიდაშელის თქმით კი, საქართველოს უმთავრესი ამოცანაა, მალე გახდეს ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის წევრი. მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, "ეს მიღწევადია". როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, "მე და ბატონი ვახტანგი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დავაჩქაროთ".

"ჩემთვის ეს იყო ერთგვარად გაცნობითი შეხვედრა, ძალიან ბევრი რამე ხდება თავდაცვაში გენერალური შტაბისა და სამხედრო ნაწილის თვალსაზრისით, რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს და ეს სწორი, ნორმალურია. რადგან ეს ის სფეროა, სადაც საიდუმლო ბევრია და დეპუტატებს ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ბატონი ვახტანგი მიემგზავრება და მისი დაბრუნების შემდეგ დავგეგმეთ შეხვედრები სამხედრო ნაწილთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უმთავრესი ამოცანა, რომელიც ამ სამინისტროს აქვს, არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა NATO-ს წევრი და რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის მხრივ, ევროკავშირში ინტეგრირება - ეს ყველაფერი მიღწევადი იქნება და მე და ბატონი ვახტანგი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დავაჩქაროთ", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები