სამთავრობო ცვლილებები

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ მთავრობა ნაჩქარევი, ქაოტური და გაუაზრებელი გზით არ წარადგინონ. პარტიის წევრის დავით ბაქრაძის მოსაზრებით, მთავრობა ცდილობს, თავი აარიდოს ცვლილებებს.

"სრულიად ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან არსებულმა მართვის სტილმა, არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობის უნიათობამ, წარმოდგენილმა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი შეიყვანა ძალიან ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისში. სრულიად ნათელია ისიც, რომ მთავრობა ცდილობს თავი აარიდოს ამ ცვლილებებს და პარლამენტში წარმოსადგენი კაბინეტი საკუთარი შემადგენლობით, პროგრამითა და ხედვით იმეორებს ყველაფერს იმას, რაც გრძელდებოდა ამ თვეების განმავლობაში და რამაც საქართველოში ვითარების გაუარესება, ოჯახების გაღარიბება, ეკონომიკური კრიზისი და არასტაბილურობა მოგვიტანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რომ არ მოხდეს მთავრობის წარმოდგენა ამ ფორმით, მით უმეტეს, ასეთი ნაჩქარევი, ქაოტური და გაუზარებელი გზით და მოხდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება", - თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს, "რათა საზოგადოებამ და ქვეყანამ აღარ მიიღოს ხელისუფლება და მთავრობა, რომელმაც ის შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას რეალური ცვლილებები მოჰყვეს".

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

კომენტარები