საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. 
სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური პროგრამის მიხედვით, პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ. მისი დასრულების შემდეგ კი, 12:00-ზე, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

ბელარუსის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნები.

ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრ ლუკაშენკო გმირთა მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ამის შემდეგ კი, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება.

ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს, პრემიერმინისტრს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ალექსანდრ ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. 

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები