პრეზიდენტის რეზიდენცია

კალაძე: პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხით აჟიტირება მიზანმიმართულად ხდება

ტაბულა

ვიცეპრემიერის შეფასებით, პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხის გააქტიურება მიზანმიმართულად ხდება. კახა კალაძის თქმით, საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ჰქონდეს ორი საპრეზიდენტო რეზიდენცია. ენერგეტიკის მინისტრმა კომენტარი ათონელის რეზიდენციაში პრემიერის შესაძლო გადასვლაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ღარიბაშვილს ზედმეტი ფუფუნება არ სჭირდება. 

"მე ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება ამ თემის აჟიტირება. აქ რაღაც გასარკვევი ან გაურკვეველი არაფერია. ყველაფერი არის ნათელი. ჩვენ, საქართველოს, ამ პატარა სახელმწიფოს, სადაც უამრავი პრობლემებია და ძალიან მძიმე სოციალური ფონი, ვიცით ყველამ, როგორ უჭირს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვქონდეს ორი ასეთი მაღალი ტიპის რეზიდენცია, სადაც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა. ჯერ იყო და, პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც აშენდა, თუ არ ვცდები ნახევარ მილიარდამდე დაიხარჯა ამის გაკეთებაზე. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეს იყო არასწორი, და მით უმეტეს შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული ათონელის რეზიდენციის გაგრძელებაზე, მის დასრულებაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრეზიდენტი მარგველაშვილი. დღეს კი გაუგებარია მისი პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ მას არ აინტერესებს ამ რეზიდენციაში გადასვლა", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ "მიზანმიმართულად ხდება აჟიტირება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცა იჩაგრება და ვიღაცას გვინდა, რაღაც დაჩაგრულის მანტია მოვასხათ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის".

კითხვაზე, "ვინ ახდენს თემის აჟიტირებას", ვიცეპრემიერი პასუხობს, რომ "გარკვეული ჯგუფები და გარკვეული ტელევიზიები".

კომენტარები