ათონელის რეზიდენცია

პრემიერი: პრეზიდენტს ათონელზე იძულებით არამც და არამც არ გადავიყვანთ

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში იძულებით გადაყვანა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძალიან დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელია. მისივე განცხადებით, მარგველაშვილის ადგილზე ათონელის რეზიდენციაში "ნამდვილად გადავიდოდა".

"იძულების წესით გადაყვანაზე საუბარი სახელმწიფო ინსტიტუტის და, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძალიან დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელია. ყოვლად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან გთხოვთ - მედიასაშუალებებს და ექსპერტებს, რომ არ შეიძლება, ვისაუბროთ იძულებით გადაყვანაზე. არამც და არამც, არასოდეს, მეგობრებო. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი. მისი უფლება ეს არის ჩვენი უფლება. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში გადასულიყო. სასახლის მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება გვქონდა. მათ შორის, პრეზიდენტსაც ჰქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება.

აქედან გამომდინარე, მაშინ ჩვენ დავიწყეთ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რაზეც 28 მილიონი დაიხარჯა. მთავრობამ გამოყო. ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. მე მის ადგილზე ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში. შენობის მშენებლობა დასრულდა სულ რაღაც 2 კვირის წინ. ბუნებრივია, დაისვა საკითხი, რა უნდა ვუყოთ შენობას, რომელშიც სახელმწიფომ 28 მილიონი ლარი დახარჯა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა კითხვას - როდესაც პრეზიდენტმა გასული წლის ივლისში რეზიდენციის შეცვლაზე უარი განაცხადა, რატომ გახდა აქტუალური კვლავ ეს საკითხი - უპასუხა, რომ პრეზიდენტი პოზიციებს ხშირად იცვლის.

კომენტარები