ინტერპოლი

ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში სერგო ქავთარაძე აღარაა

ინტერპოლმა კიდევ ერთი წითელი ცირკულარი გააუქმა. ამჯერად ძებნა შეწყდა ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდის ხელმძღვანელზე, სერგო ქავთარაძეზე. წერილში, რომელიც ქავთარაძემ ინტერპოლისგან მიიღო, ნათქვამია, რომ მის შესახებ მონაცემთა ბაზაში ყველა ინფორმაცია წაიშლება.

ქავთარაძეს ბრალი ედებოდა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. საუბარია უცხოელი სტუმრების მომსახურების ანაზღაურებაზე დახარჯულ 5129 ლარზე.

ქავთარაძის თქმით, წითელი ცირკულარის გაუქმება მიუთითებს იმაზე, რომ მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

“ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში არათუ აღარ ვარ, არამედ ჩემზე ინფორმაცია საერთოდ არ მოიპოვება. ინტერპოლის მხრიდან ჩემზე ყველა ინფორმაციის წაშლა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჩემ მიმართ ხდება პოლიტიკური დევნა და ყველა წარდგენილი ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - განაცხადა ქავთარაძემ.

ინტერპოლის ინიციატივას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გამოეხმაურა. ენმ-რეგიონების თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღვინიაშვილის, თქმით, ინტერპოლი წითელი ცირკულარიდან სხვა პირების მოხსნასაც აპირებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ადამიანების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

“ჩვენი ინფორმაციით, სხვა ადამიანებსაც მოხსნიან წითელი ცირკულარიდან, ძებნიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოში მიდინარეობს ადამიანების პოლიტიკური დევნა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

კომენტარები