თანაინვესტირების ფონდი

ივანიშვილი: ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი, რადგან რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას "ძალიან უკმაყოფილო საუბარი" ჰქონდა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ბაჩიაშვილთან. მისი შეფასებით, საქართველოს სათბურის კორპორაციას შეღავათებით არ უნდა ესარგებლა. ივანიშვილის აზრით, თანაინვესტირების ფონდი "კაპეიკებს გამოეკიდა". 

"მქონდა უსიამოვნო საუბარი, იმიტომ, რომ ისარგებლა იმ შეღავათებით, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საჭირო... თუმცა, მას უფლება ჰქონდა. კანონი არ დაურღვევია, აბსოლუტურად ლოგიკურად მოიქცა, მაგრამ მე არ მომეწონა... პოლიტიკურად არ იყო [სწორი] და მე თვითონ ვაფინანსებ ამ შეღავათებს" - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის მტკიცებით, ამ საქმეში "უჩა მამაცაშვილი არაფერ შუაში არაა". მან რუსთავი 2 კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სიცრუეში და აღნიშნა, რომ უჩა მამაცაშვილს არაფერი არ აუღია.

"უჩა მამაცაშვილს არაფერი არ შეუძენია. იქ რაღაც ორგანიზაციამ რაღაც წესით აბსოლუტურად კანონის დაცვით მართლაც შეიძინა სათბურებისთვის რაღაც მიწა. მათ პარტნიორი ჰყავს ფრანგები და ფრანგებიც გაუნაწყენდნენ ბაჩიაშვილს. უჩა მამაცაშვილიც და ბაჩიაშვილიც არიან დამფუძნებლები კომპანიის და არ არიან დიდი ინვესტორები, ვინც ფულს დებს. მე მართლაც არ მქონდა უფლება და შეიძლება, გადავაჭარბე, როცა გავიგე... მათ ჰქონდათ უფლება, კანონი დაიცვეს, პარტნიორიც ჰყავდათ და რაღაც შეღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო და ძალიან არ მომეწონა, რომ რაღაც კაპეიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს შენიშვნა მივეცი. თუმცა, მან სხვათაშორის, თავი დაიცვა ჩემგან და საკმაოდ ჩაჭიდებული საუბარიც გვქონდა და მედიაში განცხადებაც გააკეთა.

უჩა მამაცაშვილი არაფერ შუაშია. რუსთავი 2 ძალიან ცდილობს და ნაციონალური მოძრაობა, ძალიან საცოდავები ხართ და ძალიან საცოდავად გამოიყურებით, რომ გიყურებთ. ამდენი სიცრუის ტირაჟირება რომ არ გეზარებათ, ვერაფრით თავს ვერ ართმევთ ამას, რა თქმა უნდა, სიბრალულს იწვევთ. აგიტმანქანა აქვთ დალაგებული ნაცებს, ოდითგანვე, ეს ჰქონდათ ყველაზე კარგად აგებული - ქართველი ხალხი სიცრუეში როგორ ეცხოვრებინათ, დღესაც ეს აგიტმანქანა კარგად მუშაობს, რუსთავი 2 ძირითადია თქვენი...  აჩემება იციან, რაღაცას ამოიჩემებენ და ყველამ ამაზე უნდა ისაუბროს. ახლა უჩა ჰყავთ ამოჩემებული მამაცაშვილი. არავითარი კანონდარღვევა უჩა მამაცაშვილს [არ ჩაუდენია], პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, ბიზნესს არავინ შეეხოს და ერთადერთი, ჭორები მოაქვს, თუ რამე გაიგო, ჩემთან... და მეც ძალიან ვფრთხილობ, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს. ეს არის ყველაზე მთავარი ფუნქცია ჩემი. 

უჩა მამაცაშვილს ერთ ლარად არაფერი არ შეუძენია. და კიდევ გიმეორებთ, რომ თანაინვესტირების ფონდთან რაღაც ორგანიზაციამ, არ ვიცი, რაც იყო კავშირში, არ ვიცი ზუსტად და რეაქციაც გავაკეთე მე უკვე და მე ვაფინანსებ იმას თვითონ, რაც იყო შეღავათით მიღებული. არ უნდა აეღოთ ის შეღავათები ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მენეჯმენტმა პოლიტიკურად ცუდი ნაბიჯი გააკეთა. არ იყო საჭირო ეს ყველაფერი" - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდმა ბიძინა ივანიშვილისგან შენიშვნა მიიღო, იმ საბაბით, თითქოს მასთან შეუთანხმებლად მიიღეს აწარმოე საქართველოს პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება. როგორც ცნობილია, ერთ ლარად მიღებულ მიწაზე საქართველოს სათბურის კორპორაციამ სათბურის ასაშენებლად სესხი ქართუ ბანკიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში მიიღო. სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა ყოფილი პრემიერის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

აწარმოე საქართველოს ფარგლებში სახელმწიფო ბიზნესისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ კომპანიას სახელმწიფო ეხმარება. მას შემდეგ რაც მედიისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა, ივანიშვილმა სუბსიდირებაზე უარი თქვა. სათბურის პროექტს ამჟამად სახელმწიფოს ნაცვლად ივანიშვილი დააფინანსებს.

კომენტარები