ქართველები სირიაში

პანკისის მოსახლეობა სირიაში წასული მოზარდების დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს

პანკისის ხეობიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე მოზარდი სირიაში საომრად გაემგზავრა. ასეთ ამბებს მათი მშობლები ძირითადად მას შემდეგ იგებენ, როცა ახალგაზრდები საზღვარს გადაკვეთენ. რამდენიმე დღის წინ ხეობიდან 16 წლის მოზარდიც წავიდა, რომელმაც საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ, მეურვის თანხმობის გარეშე გადალახა. სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილმა იცის, ვინ ახდენს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ გავლენას და ვინ ეხმარება საზღვრის გადალახვაში, თუმცა ვინაობას არ ასახელებენ.

16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დედისერთაა, ის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა. მისი წასვლის შესახებ მშობლებმა გვიან საღამოს გაიგეს, რადგან მოზარდმა სკოლიდან ჩანთა მეზობელს გამოატანა და დააბარა, რომ თვითონ ნათესავთან მიდიოდა. ოჯახს კითხვები აქვს საზღვარზე სამართალდამცველების მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან იციან, რომ არასრულწლოვანს მეურვის გარეშე საზღვარზე გადასვლის უფლება არ აქვს. მუსლიმ კუშტანაშვილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებთან გარიგებასაც არ გამორიცხავენ.

მუსლიმ კუშტანაშვილი სირიაში 18 წლის რამზან ბაღაკაშვილთან ერთად წავიდა. დედა, თინა ალხანაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ მის შვილს სწავლა აინტერესებდა და ეროვნული გამოცდების ჩაბარებასაც აპირებდა. ის ვარაუდობს, რომ მოზარდმა სირიაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში მიიღო, თუმცა ვერ ხვდება, რამ გამოიწვია მუსლიმ კუშტანაშვილის ინტერესი. თინა ალხანაშვილი აცხადებს, რომ სოფელში ბავშვებს განათლება ნაკლებად აინტერესებთ და ხშირად ლოცვის გამო სკოლასაც აცდენენ.

როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, 16 წლის მოზარდმა პირადობის მოწმობის დასამზადებლად დუისში, საზოგადოებრივ ცენტრს მიმართა და უკვე მზა მოწმობა ახმეტაში აიღო. ფოკუსის გადამღებმა ჯგუფმა შეძლო იმ ადამიანს დაკავშირებოდა, ვინც მიიღო მოზარდისგან ეს საბუთები. გიორგი ბობიაშვილი არ აკონკრეტებს, როდის მიმართა მუსლიმ კუშტანაშვილმა და რა ვადაში მოითხოვა პირადობის მოწმობის დამზადება, თუმცა განმარტავს, რომ კანონით 14 წლიდან პირს შეუძლია დამოუკიდებლად შეიტანოს საბუთები პირადობის მოწმობის დასამზადებლად. ტაბულას ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი საზოგადოებრივ ცენტრში დაახლოებით მისივე ასაკის ბიჭთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იყო თუ არა ეს რამზან ბაღაკაშვილი, რომელიც სირიაში მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად გაემგზავრა, უცნობია. საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

16 და 18 წლის მოზარდები ომალოს საჯარო სკოლაში, მე-10 და მე-11 კლასებში სწავლობდნენ. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მუსლიმ კუშტანაშვილი იმ დღეს სკოლაში საერთოდ არ ყოფილა და შემდეგ გაირკვა, რომ ჩანთა მეზობელს გაატანა სახლში. რაც შეეხება რამზან ბაღაკაშვილს, ბელა გუნაშაშვილი აცხადებს, რომ მას ნაადრევად ჰქონდა გამოცდები ჩაბარებული და ყოველდღიურად სკოლაში მისვლა არ ევალებოდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ არც ერთი მოზარდისთვის არ შეუმჩნევიათ რამე ცვლილება ან არ გაუგიათ, რომ ისინი სირიაში აპირებდნენ წასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომებს აუცილებლად მიიღებდნენ და მშობლებს შეატყობინებდნენ.

სირიაში საომრად არასრულწლოვანის წასვლაზე იმსჯელეს გუშინ, პანკისის ხეობაში გამართულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე. უხუცესები სამართალდამცავებსა და მთავრობის წევრებს მოუწოდებენ არასრუწლოვნის საქართველოში დაბრუნება უზრუნველყონ და ხეობიდან სხვა ახალგაზრდების წასვლაც გააკონტროლონ. მიმართვას ხელს არ აწერენ ვაჰაბიტები, თუმცა სირიაში მებრძოლების წასვლას მხარს არ უჭერენ.

გუშინვე არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთა მესაზღვრის შეცდომად შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, კუშტანაშვილის გადმოცემის მოთხოვნით თურქულ მხარეს უკვე მიმართეს.

კომენტარები