საქართველო-ნორვეგია

ტომესენი: ნორვეგია არ დაივიწყებს საქართველოს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ

David Usupashvili/Fb.com

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორვეგიის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს, სტორტინგის თავმჯდომარეს ოლემიკ ტომესენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ნორვეგიის ევროკავშირთან ურთიერთობაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ოლემიკ ტომესენმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნორვეგიას შორის იმ მსგავსებას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა ორივე აქტიურად აგრძელებს მასთან მჭიდრო ურთიერთობას. შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.

„დემოკრატიული აზროვნება ევროპაში დღეს გამოწვევის წინაშე დგას რუსული აგრესიის და ასევე მემარჯვენე ფრთის პარტიებსა და ისლამისტურ დაჯგუფებებში ექსტრემისტული აზროვნების გამო. დემოკრატიული აზროვნება არ არის ის, რაც მარტივად შეიძლება გიბოძონ. ამაში ჩვენ ყველამ საკუთარი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. თვალშისაცემია, თუ რას მიაღწია საქართველომ ამ კუთხით საკმაოდ მოკლე პერიოდში... ნორვეგიის კონსტიტუცია ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო დემოკრატიული, მაგრამ, ამისთვის ჩვენ 200 წელი დაგვჭირდა. ვფიქრობ, რომ თქვენ სწორ გზაზე დგახართ და ხართ კარგი მაგალითი სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელზეც ახლა ყველა ჩვენგანის მზერაა მიპყრობილი... ნორვეგია არ დაივიწყებს საქართველოს ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. გუშინ ვეწვიე დევნილთა დასახლებას, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შემახსენა, თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ, რომ ის აგრესია, რომელსაც დღეს უკრაინის წინააღმდეგ ვხედავთ, იგივე აგრესიაა, რაც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ განხორციელდა... ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში ერთადერთი კარგი პასუხი რუსულ აგრესიაზე არის, რომ ქვეყანამ აჩვენოს, რომ შეუძლია ააშენოს საზოგადოება, რომელიც შეძლებს შექმნას კეთილდღეობა მოსახლეობისთვის და შექმნას ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო. ეს გრძელვადიან პერიოდში კონფლიქტში გამარჯვების გზა არის და ვფიქრობ, ამ კუთხით თქვენ სწორ გზას ადგახართ“, - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის თავმჯდომარემ ოლემიკ ტომესენმა.

 

კომენტარები