რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
"18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს - სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების გაფორმება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის 31-ე რაუნდის დღეს ქმნის პირობებს, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებთან - სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ ვალდებულებებს, რაც რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აიღო, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებებს. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს, გააგრძელონ პროგრესისთვის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - განაცხადა მოგერინიმ.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

