ციხის კადრები

მშვენიერაძე ფილმის ჩვენებაზე: აქ პასუხისმგებლობის დაყენება მარტივი არ არის

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, არასრულწლოვნებისთვის დოკუმენტური ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ჩვენებაზე პასუხისმგებლობის დაყენება მარტივი არ არის. როგორც მშვენიერაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განმარტა, კანონმდებლობა ამ ტიპის კინოჩვენებებზე არ აწესებს პასუხისმგებლობას. მშვენიერაძის თქმით, მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს, სამომავლო პრევენციაა, რომ სხვა ქალაქებში აღარ აჩვენონ აღნიშნული ფილმი.

"როცა ეს ფილმი ვნახე, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ კარგად გადავხედე კანონმდებლობას, რომ მენახა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო რეაგირება. თუ პასუხისმგებლობაზე დადგება საქმე, არ არის აქ მარტივი პასუხისმგებლობის დაყენება. ვფიქრობ, ამ ფილმის გაშვებამდე ორგანიზატორებს ძალიან კარგად ჰქონდათ კანონმდებლობა შესწავლილი. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე ფილმების ჩვენებას. ასევე გვაქვს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რა ტიპის ფილმის ჩვენებაა არასრულწლოვანთათვის დაშვებული. თუმცა, ეს აკრძალვა მოქმედებს ტელევიზიებსა და კინოთეატრებში. ასეთი ტიპის კინოჩვენებებზე კი, კანონმდებლობა პასუხისმგებლობას არ აწესებს. ამისთვის პასუხისმგებლობის ნორმას სამართალში ვერ იპოვნით" - განაცხადა მშვენიერაძემ და განმარტა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით, სკოლებში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია, თუმცა, კანონი არაფერს ამბობს იმაზე, შეიძლება თუ არა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გარეთ გასწიოს აგიტაცია სკოლის თანამშრომელმა. როგორც იურისტმა ასევე აღნიშნა, გასათვალისწინებელია, რომ კინოჩვენება არ დაამთხვა სასწავლო პროცესს და ქმედება "ფორმალურად მაქსიმალურად მოქცეულია კანონმდებლობის ჩარჩოში". 

"ამ ფილმის ჩვენება არის პოლიტიკური იარაღი, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ, ვინ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება" - განაცხადა მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და რა ტიპის, "რადგან დანაშაული სახეზე არ გვაქვს".

"მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია კრძალავს მსგავსი ტიპის ფილმის ჩვენებას არასრულწლოვნებისთვის, არ არსებობს პასუხისმგებლობის მექანიზმი ამისთვის. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს, სამომავლო პრევენციაა, რომ მსგავსი ჩვენება არ გაიმართოს სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში და ამ აჟიოტაჟით მოვახერხოთ ის, რომ სხვა არასრულწლოვნები დავიცვათ მსგავი ფილმების ჩვენებისგან" - განაცხადა მშვენიერაძემ თეორემაში.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

კომენტარები