გიგი უგულავას საქმე

დავით ბაქრაძე: ვეჭვობ, რომ პროკურატურა მიიღებს იმას, რაც მას სურს

დავით ბაქრაძე
primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ზე კურიერის ეთერში განაცხადა, ''რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას და გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას მიუსჯის''.

დავით ბაქრაძის თქმით გიგი უგულავასთან დაკავშირებით ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით ''სპეციალურად შეიტანეს საქმე დღეს დილით და შემდეგ იმისთვის, რომ მოეთხოვა პროკურატურას წინასწარი პატიმრობა, ელოდებოდნენ რიგითობას, როდის მოუწევდა რიგი კონრეტულ მოსამართლეს''.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, გიგი უგულავას პროცესზე იგივე მოსამართლეა დანიშნული, რომელიც ე.წ კაბელების საქმეზე.
''მე რა თქმა უნდა, დავიცავ პოლიტიკურ კორექტულობას და არ ვაპირებ, წინასწარ რაიმე ცუდის თქმას მოსამართლეზე, უბრალოდ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდი. ეს გახლავთ ის მოსამართლე, რომელმაც წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს. ვფიქრობ, სრულიად გასაგებია ის, თუ როდის მოხდა საქმის შეტანა, რა ფორმით მოხდა საქმის შეტანა, ის რომ პროკურატურა სპეციალურად დაელოდა რიგს, რომ ამ მოსამართლესთან მოხვედრილიყო საქმე და ის, რომ ამ მოსამართლეს ებარა ე.წ. კაბელების საქმე თავდაცვის სამინისტროსი, ვფიქრობ რეალურად აჩენს იმის ძალიან დასაბუთებულ ეჭვს, რომ სამწუხაროდ, პროკურატურა მიიღებს იმას, რაც მას სურს'',- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები