ლარის კურსი

მარგველაშვილი: ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული გეგმის შემუშავება უნდა ვაცადოთ

უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს.

"მე დღეს შევხვდი ფრაქცია'თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს, რომლებიც ისევე, როგორც სხვა დეპუტატები, სრულიად ლეგიტიმურად არიან დაინტერესებულნი, თუ რანაირად დაიძლევა ის სირთულეები, რომელიც ამ ბოლო დროს დაუკავშირდა ჩვენს სავალუტო კურსს. მე ასევე შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის ვარაუდით, მთავრობა საზოგადოებას გეგმას 5 მარტამდე წარუდგენს.

"გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, ახლა ხდება კონკრეტული დეტალების დაზუსტება. ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება 5 მარტის არეალში, ვინაიდან მისია საქართველოს ტოვებს 4 მარტს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები