საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პრეზიდენტი: მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შინაარსი

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ის არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოსაზრებით, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი.

"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მტკიცედ განსაზღვრა და არაერთხელ დაიცვა ქართველმა ხალხმა. ეს არის ის ერთ-ერთი დაპირება, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის მანდატი მომანიჭა.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი ნაკარნახებია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, მეტი დემოკრატიულობისა და წარმატების უზრუნველსაყოფად. ის ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის სუვერენული ინტერესების წინააღმდეგ.

დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო მისაღები უნდა იყოს ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებითა და სტაბილურობით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათი ანექსიისადმი გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო ცდილობს, შექმნას ის გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას და თუნდაც რაიმე სახის პოზიტიური ელემენტის გაჩენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები.

ვთვლით, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შინაარსი. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მოხდეს აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, NATO-სთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. აბაშიძის თქმითვე, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში, დღის წესრიგში არ დგას. აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"რაც შეეხება ბატონ ლავროვის კომენტარს საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ - მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის NATO-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. სხვათა შორის, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში რუსეთი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა NATO-სთან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში, ავღანეთი მაქვს მხედველობაში. ზოგადად, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას. ბატონ კარასინთან საუბრის თემა ჩვენი ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არ არის. დღის წესრიგში ჩვენ იქ სხვა თემატიკა გვაქვს. ჩვენ ამ თემებზე ამ ფორმატში არასდროს არ ვსაუბრობთ, თუმცა მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება და მოვუსმენთ", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები