თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს ცნობებს იმის შესახებ, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და კლასელია. ამის შესახებ ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"ეს არის აბსოლუტურად აბსურდული განცხადება, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდოკიას ჩემი ძმა იცავს. ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტია და ის ვერ დაიცავს მას, მითუმეტეს, რომ საქართველოშიც არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის ისეთივე სიცრუე, როგორც გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდოკია ჩემი თანასოფლელია. ის არის თბილისში დაბადებული, გაზრდილი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი და შესაბამისად, ჩემი თანაკლასელი, თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნებოდა", - თქვა ნარმანიამ.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა დადგეს მერიაში ბოდოკიას ზემდგომი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ნარმანიას თქმით, თუ სამართალდამცველები გამოძიების პროცესში რაიმე დამატებით გარემოებას დაადგენენ, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის [180 ათასი დოლარი] აღების ბრალდებით დააკავეს.





