კრიმინალი

ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით ტყიბულში სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. მათგან სამი არასრულწლოვანია. დაკავებულები არიან 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ., 1998 წელს დაბადებული უშანგ კ., 1998 წელს დაბადებული გია გ. და 1999 წერს დაბადებული ანზორ ფ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონში სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით). შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ გვიან ღამით ქუთაისის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს.

"ვნახე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და თქვა, რომ სცემენ. არასრულწლოვანი ხელბორკილით წამოიყვანეს სახლიდან და არც კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინეს, არც მშობლებს. ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს ჩვენება, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, იარაღი ჰქონდა და ასე შემდეგ", - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.

კომენტარები