საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობას სურს, განმარტება მიიღოს განცხადებაზე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადებას ეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, ახალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას აგრძელებს და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციითაა დაკავებული. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა გაუგებარია და ახალი მინისტრი პროფესიონალია.
"როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ინვესტიციები შემოვიდეს. ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად, ვიზა ლიბერალიზაციისთვის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, შევხვდი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინი გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკანდახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას, რასაც ჰქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა. ნაცმოძრაობა, თავისი განცხადებებით, ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ", - თქვა გომელაურმა.