თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუ

რადიო თავისუფლება: ჩვენ გავიმეორეთ ზუსტად ის, რაც გვითხრა ბერუჩაშვილმა

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორმა დავით კაკაბაძემ რადიო თავისუფლებისთვის თამარ ბერუჩაშვილის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. კაკაბაძის თქმით, რედაქციამ სწორედ ის გაიმეორა, რაც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტს განუცხადა. მეტი დამაჯერებლობისთვის, რადიო თავისუფლების ეთერში ბერუჩაშვილის ინტერვიუს ორიგინალი გაუშვეს, რომელიც ინგლისურიდან ასე ჟღერს:

"ახლა დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო“.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ ჟურნალისტმა მინისტრის ნათქვამის კონტექსტი ვერ გაიგო, ბერუჩაშვილმა კი სხვა რამ იგულისხმა - კერძოდ ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უბრალოდ შეჩერებულია და არ გაუქმებულა. მინისტრის ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ოთარ დანელიას თქმით, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში რუსეთთან ურთიერთობები გრძელდება, რაც ქართველი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის და გლეხებისთვის მნიშვნელოვანია.

კომენტარები