ფარული ჩანაწერი

თბილისის მერიის თანამშრომელი გასაუბრების ფარულად გადაღებისთვის დააკავეს

Wikipedia

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გასაუბრების დროს ფარული ჩანაწერის გაკეთებისთვის დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით მერიის ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბუსკივაძე დღეს გასაუბრებას გადიოდა და ამ გასაუბრების ფარული ჩაწერის მცდელობა ჰქონდა.

მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ეჭვი შეიტანა, რომ ბუსკივაძე ფარულ ჩაწერას მაჯის საათით აწარმოებდა.

"კახა ბუსკივაძე გასაუბრების ფარულ ჩაწერას თავის დაცვის მიზნით ახორციელებდა, რადგან კომისიის ერთ-ერთი წევრი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე მანამდე მასზე ზეწოლას ახორციელებდა. ნიჟარაძემ ბუსკივაძე თანამდებობრივად ჩამოაქვეითა კიდეც. ფარული ჩაწერის პროცესის აღმოჩენის შემდეგ ორი საათის განმავლობაში ბუსკივაძეზე მიმდინარეობდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მომხდარის შესახებ ბუსკივაძემ ჩვენ მესიჯი მოგვწერა. გასაუბრება ლერმონტოვის ქ.#10-ში, საკრებულოს შენობაში მიმდინარეობდა. ჩვენ, ქუჩაში მყოფებს, ჩხუბის ხმა გვესმოდა, თუმცა დაცვამ შენობაში არ შეგვიშვა. ადგილზე გამოვიძახეთ ადვოკატი გოგა ონიანი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", _ განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით ადვოკატმა გოგა ონიანმა კახა ბუსკივაძის შენობიდან გამოყვანა მოახერხა. მისივე თქმით, ბუსკივაძეს ფარული ჩანაწერის გაკეთების მცდელობისათვის აქტი ვერ შეუდგინეს, რადგან ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

თბილისის მერია სამართალდამცავ უწყებებს მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის დეტალურად შესწავლისა და რეაგრების მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები