ფარული ჩანაწერი

ფარულ აუდიოჩანაწერში პოლიტპატიმართა ორგანიზების საკითხსაც განიხილავენ

ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც გაზეთმა ქრონიკა+-მა გაავრცელა, ლაშა ამირეჯიბი, ნუგზარ ფოფხაძე და შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე გელა ხვედელიძე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებზეც საუბრობენ.

როგორც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, პოლიტპატიმრების ორგანიზების საკითხებთან კავშირი ჰქონდათ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მის სიმამრს თამაზ თამაზაშვილს და თავად გელა ხვედელიძეს. უფრო კონკრეტულად, ლაშა ამირეჯიბი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ადამიანებთან და გელა ხვედელიძესთან ერთად, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან იმყოფებოდა. შეხვედრაზე ხვედელიძემ მოითხოვა, რომ ამ პირების ორგანიზება უნდა გაკეთებულიყო სამეგრელოშიც, აჭარაშიც და თბილისშიც. ამას გარდა, ლაშა ამირეჯიბი ამბობს, რომ მას მოგვიანებით პოლიტპატიმრების გაჩერების მოთხოვნით თამაზ თამაზაშვილი ურეკავდა. ჩანაწერში საუბარია სამეგრელოში ორგანიზაციის გაკეთებაზეც, რომელსაც გელა ხვედელიძის თქმით, "გვერდში უდგანან".

გთავაზობთ აუდიოჩანაწერის ამ მონაკვეთს:

ლაშა ამირეჯიბი - შინაგანად დიდ პატივს გცემ, მაგრამ შენს შეცდომებზე მაქვს საშუალება, რაღაცეები დავწერო. ეს კაცი მთხოვს, არ დაწეროო, მაგრამ მე ამაზე ძალიან დიდხანს ვიფიქრებ. ახლავე გეტყვით კიდევ ერთ რამეს... მოგწერე კიდეც და გითხარი, ეს თემაა, რომელსაც, პრინციპში, ამბობს იმჯამინდელი ჩეკისტი, რომელიც მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან. ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიყავით ირაკლისთან და ვისაუბრეთ, პოლიტპატიმრებზეა ლაპარაკი, გელა ხვედელიძემ მოითხოვა, სამეგრელოშიც უნდა გაკეთდეს, აჭარაშიც და თბილისშიც... ეს ბიჭები დარჩნენ განაწყენებული გელაზე და ირაკლიზე... რატომღაც, მიაბეს ესენი ყველანი ნანა კაკაბაძეს და ნანა კაკაბაძე თუ ვინმემ იცის, როგორი პოლიტპატიმარია და ა.შ. მეოთხე და მთავარი: მე და შენ, იცი, რაში ვერ მოვრიგდით? 26 მაისის და 7 ნოემბრის პატიმრები უფრო დიდი პოლიტპატიმრები არიან, ვიდრე სხვები. ერთ რამეს გეუბნები - მე და შენ, რაში ვერ მოვრიგდებით, გელა, კიდევ? დღეს არის ასეთი სიტუაცია; ხუხაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და რამდენიმე კაცი...

გელა ხვედელიძე - მე რა შუაში ვარ?

ლაშა ამირეჯიბი - გასაგებია ჩემთვის. შენ არანაირი კავშირი არ გაქვს მასთან. ისინი ცდილობენ, ისევ და ისევ, მარწუხებში მოაყოლონ ბიზნესები და ა.შ. ამას მე არ გავაკეთებინებდი, ყველა გაზეთში დავწერ მაგათზე, რომ ეს ადამიანები... გინდა კვერცხის თემა ავიღოთ.

ნუგზარ ფოფხაძე - გასაგებია, კიდევ რა არის პრობლემა?

ლაშა ამირეჯიბი - პრობლემა ძალიან ბევრია.

ნუგზარ ფოფხაძე - ვიდრე გელა იტყოდეს, მე გეტყვით: ცხადია, მე ლაშას მხარეს ვარ, მთელი ცხოვრება რაღაც საქმეს აკეთებდა ქვეყნისთვის... ეს აქტიური კაცი, რომელიც ეხმარებოდა რეჟიმის წინააღმდეგ, დარჩნენ უფუნქციოდ, შენ კი არაფერ შუაში ხარ, მე გულს ვიოხებ... სასარგებლო კაცია, შინაგანად ბიძინისტი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს...

ლაშა ამირეჯიბი - ძალიან მიყვარს და ძალიან პატივს ვცემ ბიძინას.

ნუგზარ ფოფხაძე - უცებ, აღმოჩნდა, ბიჭები, რომელთა ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი მიმიძღვის, მე ვერ დავიცავი უსამართლობისა და უმადურობისგან. ამიტომ, თუ შენ ამ დასკვნას ეთანხმები, მაშინ მე ლაშას მარტო ვტოვებ და შენს მხარეს გამოვდივარ.

გელა ხვედელიძე - შეიძლება შენ არ იცოდე, რა საუბრები იყო თომას ჰამერბერგთან დაკავშირებით.

ლაშა ამირეჯიბი - მრჩეველია ახლა ბიძინასი.

გელა ხვედელიძე - არც გარეთ გასატანი არ არის, არც საგაზეთო, ამიტომ რაც არ უნდა დაიწეროს, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას ამა თუ იმ თემაზე, მე ერთ რაღაცას გეტყვი: რაც შეეხება ორგანიზაციის გაკეთებას სამეგრელოში, ის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად იყო, გააკეთოს მერე და ვინ უშლის, გვერდით ვუდგევართ.

ლაშა ამირეჯიბი - ჩაგეკითხები ერთ რამეს...

გელა ხვედელიძე - ის, რომ მე დავუწყო ძებნა. მოვიდა, ვუთხარით - გაგიკეთებ, ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე, ბევრი საქმე მაქვს...

ნუგზარ ფოფხაძე - მართალი ხარ შენ. რამდენჯერაც მოვინდომე სასწრაფოდ შეხვედრა, ვერ მოხერხდა ეს...

გელა ხვედელიძე - მაგას ვამბობ, არც კომუნიკაციის პრობლემა არ არის.

ნუგზარ ფოფხაძე - მაშინ რა არის?

ლაშა ამირეჯიბი - არაფერი, დავამთავრებ, რა მოხდა? მთავარი - ეს ადამიანები შეთანხმდნენ ერთმანეთში... მე პოლიტპატიმარი არა ვარ, ამ ბიჭმა თქვა, ყველაფერი გავაკეთეო... თამაზ თამაზაშვილი მირეკავს, - ლაშა, უთხარი, გაჩერდნენ... ამას გადავიტანთ... ნანასთან ვსაუბრობთ...

გელა ხვედელიძე - მაგ თემაზე, კაკაბაძე, რასაც ქვია...

ნუგზარ ფოფხაძე - იდეა, რომ ამ პოლიტპატიმრებში არ უნდა იყოს განხეთქილება, ფაქტია.

ლაშა ამირეჯიბი  - განხეთქილება არის უკვე შიგნით. დაველოდოთ 3 მაისამდე. რატომ ველოდებით? იმიტომ, რომ მიშას აქვს შესაძლებლობა, მინისტრთა კაბინეტი დაშალოს. მერე 26 მაისამდე... არაფერი გამოვიდა...

კომენტარები