იური ვაზაგაშვილის საქმე

შავგულიძე: საფუძვლიანია ეჭვი, რომ ვაზაგაშვილი მოკლეს მათ, ვინც მისი შვილი

თავისუფალი დემოკრატების წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, საფუძვლიანია ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ დანაშაული იმავე პირებმა ჩაიდინეს, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მისი შვილის მიმართ. შავგულიძეს სწრაფი და ეფექტური გამოძიების იმედი აქვს.

"მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ თუ ეს არის მკვლელობა, ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ გვსმენია საერთოდ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს რაც შეიძლება სრულყოფილი გამოძიება და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. თუ ეს არის დანაშაული, დარწმუნებული ვარ, გაიხსნება, დამნაშავე დაისჯება და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს თავის სასჯელს უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობისა და გაკიცხვის სახით. როგორც ირინა ენუქიძემ გვაჩვენა დედობის მაგალითი, ბატონმა იური ვაზაგაშვილმა გვიჩვენა მამობის მაგალითი. თუ ეს არის დანაშაული, ეს სწორედ ამ გრძნობის შებღალვა, შეურაცხყოფაა. როდესაც მამა იბრძოდა, დაედგინა სიმართლე მისი შვილის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, ის კანონიერად იყო ლიკვიდირებული თუ იყო მოკლული უკანონოდ, და ასეთ დროს მამის წინააღმდეგ ასეთი საზარელი დანაშაული ხდება, რა თქმა უნდა, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს იგივე პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული მისი შვილის მიმართ", - განაცხადა შავგულიძემ.

იური ვაზაგაშვილის ცხედარი შვილის საფლავზე დღეს იპოვეს. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მუსიაშვილი ამბობს, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ის თვითმკვლელობას გამორიცხავს. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები