ტერაქტი პარიზში

რელიგიათა საბჭო პარიზის ტერაქტზე: დიდი რელიგიების სათავე თავისუფალ არჩევანშია

ombudsman.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარიზში, სატირულ ჟურნალ შარლი ებდო-ზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამენ, უსამძიმრებენ და სოლიდარობას უცხადებენ როგორც ფრანგ ხალხს, ისე ამ ტრაგედიით შეძრულ ყველა ადამიანს. რელიგიათა საბჭო აღნიშნავს, რომ "ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უსასტიკესი დანაშულია, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლისა და ადამიანურობის მოსპობისკენაა მიმართული". სანჭოს წევრების განცხადებით, განსაკუთრებით შემაძრწუნებელია რომ ტერორს, ხშირად, რელიგიის სახელით და "თითქოსდა რელიგიური გრძნობების დასაცავად ახორციელებენ". რელიგიათა საბჭოს შეფასებით, რელიგიური ნიშნით ტერორიზმი და ძალადობა სხვების გარდა, თავად იმ რელიგიებისა და მათი მშვიდობიანი მიმდევრების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთა სახელითაც სჩადიან ტერორის ცოდვას, ტერორის დანაშაულს. 

"დღეს, ზედმიწევნით ვაცნობიერებთ, რომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ზუსტად და მკაფიოდ იყოს განმარტებული და წარმოჩენილი, რომ რელიგია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საფუძვლად;

ვაცნობიერებთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია რელიგიური თემატიკისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, უხამსობისა და მკრეხელური შიაანრსის შემცველი მასალების პუბლიკაცია. გამოხატვის შეზღუდვით თითოეულ ჩვენგანს მოაკლდება სწორედ ის, რის გამოც ფასეულია ადამიანი - თავისუფლება. ყველა დიდი რელიგიის სათავე სწორედ თავისუფლებაში, თავისუფალ არჩევანშია. 

ყოველივე აქედან გამომდინარე,  ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა უმკაცრესად, რეალურად, საქმით იყოს დაგმობილი  და აღკვეთილი ნებისმიერი ძალადობა განსხვავებული აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, რელიგიის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის წინააღმდეგ.  

და ბოლოს, გვინდა მოვუწოდოთ რელიგიურ ლიდერებს და  ყველა კეთილი ნების ადამიანს,  - ხმა ავიმაღლოთ და გავერთიანდეთ ექსტრემიზმთან, შეუწყნარებლობასთან, ტერორიზმთან ბრძოლაში. დუმილი და გულგრილობა ყველაზე მეტად ასაზრდოებს ძალადობას" - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები