კორუფცია

TRACE-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა

Shutterstock

TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით საქართველო ბიზნესსექტორის კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. კომპანია Trace-მა კორუფციის ინდექსი Rand Corporation-თან თანამშრომლობით შექმნა. 

Trace-ის კორუფციის ანგარიში არის კონკრეტულად ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული ინდექსი. ის არ განიხილავს მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არამედ მხოლოდ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ნორმებს აფასებს. კომპანია Trace-ის კორუფციის ინდექსი საერთაშორისო ინვესტიციების შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის იქმნება. 

Trace ინდექსის მიხედვით, ბიზნესსექტორისთვის კორუფციის ყველაზე დაბალი დონე ირლანდიაშია. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმტირი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული რეიტინგი საქართველოს ოთხი ძირითადი მიმართულების მიხედვით აფასებდა, ესენია: ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ხელისუფლების გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობა. 

Transparency International-ის საერთაშორისო კორუფციის ინდექსში, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ვითარებას აფასებს, საქართველოს 55-ე ადგილი უჭირავს. Transparency International მთლიანად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებას ახდენს. ამ ინდექსში საქართველოს 55-ე ადგილი სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალობაში არსებული ხარვეზებით აიხსნება. Transparency International-ის Global Corruption Barometer-ის მიხედვით საქართველოში კორუფციის პრობლემა სასამართლოს, განათლებისა და და ჯანდაცვის სისტემებშია. 

Trace ინდექსში საერთოდ ვერ მოხვდა ჩრდილოეთ კორეა, რადგანაც ამ ქვეყანაში ბიზნესის არსებობა უკანონოა. ინდექსის მიხედვით, ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე სარისკო ქვეყანა ნიგერიაა.

კომენტარები