პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

პრეზიდენტი: ბოლო დღეებში გაურკვეველი იყო, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დღეებში გაურკვეველი იყო, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები, სახელმწიფოს თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მარგველაშვილის თქმით, სამი ყოფილი მინისტრის წასვლამ კითხვები გააჩინა, ამიტომ მას მნიშვნელოვნად მიაჩნია დაადასტუროს კურსის შეუქცევადობა. 

"იმ ფაქტმა, რომ სამივე, აწ უკვე ყოფილ, მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ – ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსურს მივაპყრო პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება შემდეგ გარემოებებს:

პირველ ყოვლისა - პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის "თავისუფალ დემოკრატების" შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციბების უგულველყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა - ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები - საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობის ან უწყებათა დეპოლიტიზირების პრინციპები.

შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი; სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები