ე.წ. კაბელების საქმე

პროკურატურა კაბელების საქმეზე: ადვოკატების მიზანი არაა მასალების გაცნობა

"რეალურად მათი თვითმიზანი არაა მტკიცებულებების გაცნობა, რამეთუ ჰქონდათ მათ არაერთხელ ამის შესაძლებლობა და არ გამოიყენეს", - პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს პასუხობს. დაცვის მხარემ დღეს საქმის მასალების ასლები მოითხოვა. მათი თქმით, პროკურატურის სურვილია, ადვოკატებმა იმიტაციურად დაიცვან და თუ ადვოკატები საქმის მასალების ასლებს არ მიიღებენ, 11 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ, ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას გააჩნია, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს.

"ადვოკატებს არაერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ გრიფით საიდუმლო საქმის მასალებს. მათ შორის, შევთავაზეთ ჩვენთან მოსულიყვნენ მათთვის გამოყოფილ ოთახებში გაცნობოდნენ საქმის მასალებს. შევთავაზეთ ასევე, რომ მათთან ოფისში წარვადგენდით დოკუმენტებს და იქ გაცნობოდნენ. თუმცა, ყოველივე აღნიშნულზე ადვოკატებმა დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი. რეალურად მათი თვითმიზანი არაა მტკიცებულებების გაცნობა, რამეთუ ჰქონდათ მათ არაერთხელ ამის შესაძლებლობა და არ გამოიყენეს", - ამბობენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

კომენტარები