საპარლამენტო უმრავლესობა

ბესელია: შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არ დაიშლება

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშლება. ბესელია ასევე ამბობს, რომ მისი მოადგილის, გედევან ფოფხაძის უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე, ის ფოფხაძის მაგიერ ვერ ისაუბრებს.

"უმრავლესობა არ დაიშლება. მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პარლამენტში თავისუფალ დემოკრატებთან, სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებზე და გადაწყვეტილებების მიღების დროს, რასაკვირველია, შესაძლებლად მიმაჩნია, ფრაქციაში არიან ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ ბუნებრივია გვექნება ერთობლივი გადაწყვეტილებებიც, ვიმუშავებთ ერთად. მე მგონია, რომ არ არის ისეთი ნაპრალი ჩვენსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ კონკრეტულ საკითხებზე საერთო გადაწყვეტილებების მიღება.

მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში მონოპოლია ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურ სივრცეზე. ძალიან კარგია, რომ ეს სივრცე გაიხსნა და გაჯანსაღდა ისეთი ცივილიზებული, ბევრად უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალის მიერ, როგორიც იქნებიან თავისუფალი დემოკრატები. მე პირადად ვისურვებდი მათთან დებატებს და არა ნაციონალურ მოძრაობასთან. იმიტომ, რომ ძალიან მომბეზრდა ნაციონალურ მოძრაობასთან დებატები", - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები