კრიზისი კოალიციაში

საგანელიძე ალასანიას მოხსნის გადაწყვეტილებას ეთანხმება

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ეთანხმება პრემიერის გადაწვეტილებას ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნის თაობაზე. ამის შესახებ საგანელიძემ ირაკლი ღარიბაშვილთან მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

„იქ აშკარად ჩანს კორუფციული გარიგებები, აშკარად ჩანს სერიოზული ფინანსური დარღვევები და ამის ფონზე კეთდება განცხადებები, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის წინსვლა ფერხდება ... თურმე თუ კორუფციას თვალი არ დავუხუჭეთ, ე.ი. ევროატლანტიკური გზისკენ რაღაც ფერხდება. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ნიღაბს ამოვეფაროთ, პოლიტიკა წინ დავიყენოთ და ამის უკან თურმე ნებისმიერ ფინანსურ მახინაციებს გზა მივცეთ და მწვანე ავუნთოთ. შესაბამისად, ყველა ამ განცხადების მერე, მიმაჩნია, რომ ისეთ მნიშვნელოვან უწყებას, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, რომლის პირველი პირი უნდა იყოს გუნდის წევრი, რომელიც აბსოლუტურად სწორად უნდა აანალიზებდეს სიტუაციას მის სამინისტროში, თუ რა მოხდა და პირიქით, გვერდით უნდა ედგას პროკურატურას და იძიებდეს მათთან ერთად ამ საკითხს და ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდეს, ბუნებრივია არ იქნება მართებული ამ პიროვნების მინისტრად ყოფნა", - მიაჩნია საგანელიძეს.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნა. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მალევე მიიღო ალასანიას თანაგუნდელმა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები