საჯარო მოხელეები

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირება ხვალ გაიმართება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება ხვალ გაიმართება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ტესტირება "ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად ტარდება. 

ხვალინდელ ტესტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ტესტირებაზე მოხელეები ორ ნაკადად გამოცხადდებიან. პირველი ნაკადი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დილის 9:00 საათზე უნდა მივიდეს, ხოლო მეორე ნაკადი - ამავე დღის 13:00 საათისთვის. ტესტირების მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

"ტესტირების პროცესს 40-მდე მეთვალყურე, კომისიის წევრები, საჯარო სამსახურის ბიუროს, სსიპ "ვ. ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისა" და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. ტესტირება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარდება. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, პროგრამა მონაწილეს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე მისცემს ტესტურ დავალებებს, სადაც მან ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. ტესტზე პასუხის გასაცემად მონაწილეს 2 ასტრონომიული საათი ეძლევა. ტესტი მოიცავს 45 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან და 15 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან. ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი შეადგენს 75%-ს, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს. ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, პროგრამა ავტომატურად დაითვლის სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობას და მონაწილეს საკუთარი შედეგის ნახვა ადგილზე მომენტალურად შეეძლება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ტესტებში მოცემულია საკითხები საქართველოს კონსტუტუციიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიიდან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონიდან და უნარ-ჩვევებიდან.

"იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს არ დააკმაყოფილებს ტესტირების შედეგი, მან უნდა მიმართოს სპეციალურად შექმნილ საპრეტენზიო კომისიას, რომელიც ტესტირების პროცესის დასრულებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს. მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში, გარდა მერიის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისა, შედიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენლები. კერძოდ: ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვაჟა სალამაძე - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონსტანტინე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და ნუგზარ ჭინჭარაული - საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი. პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, თბილისის მერიამ კომისიის წევრობა შესთავაზა სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და სახალხო დამცველის ოფისს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს", - აცხადებს თბილისის მერია და იმედოვნებს, რომ ტესტირების პროცესი ჩაივლის მშვიდ გარემოში, "რაც მოხელეებს შესაძლებლობას მისცემს, იყვნენ მეტად კონცენტრირებულნი და მაქსიმალურად მაღალ შედეგზე ორიენტირებულნი".

კომენტარები