საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა შავგულიძის ინიციატივა, რომელიც პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის გადავადებას გულისხმობს, დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტმა ინიციატივას 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინიციატივის მომხრეა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო წინააღმდეგ გამოდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ზურაბ აბაშიძე და ანი მიროტაძე. მათი განცხადებით, ამ საკითხის გადაჭრა 1 ნოემბრამდე იყო შესაძლებელი. ზურაბ აბაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების ვადის 6 თვით გადაწევას მხარს არ დაუჭერს მთლიანად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები“. ფრაქციის კიდევ ერთი წევრი, ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების საბოლოო ვადის გადაწევა იმ უწყებების ხისტი პოზიციის გამო მოხდა, რომლებიც ე.წ. გასაღები სშინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვებას ემხრობიან. თავად გოგუაძე ამის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ გასაღები შსს-დან აუცილებლად უნდა გამოვიდეს.
ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების საბოლოო ვადა შესაძლოა შეიცვალოს და არა 1 ნოემბერი, არამედ 2015 წლის 1 აპრილი გახდეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი შალვა შავგულიძეა. მისი განმარტებით, ე.წ. გასაღების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა და საბოლოო გადაწყეტილებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. აღნიშნულს აპროტესტებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობდნენ. ისინი შავგულიძის ინიციატივას არ ეთანხმებიან და მას გაუგებარს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზია ეხება იმასაც, რომ სამუშაო ჯგუფი ბოლო ერთი თვეა არ შეკრებილა, შესაბამისად, მათი ინიციატივა ცვლილებებთან დაკავშირებით, არ განხილულა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ორი გასაღების პრინციპს ითვალისწინებს - პერსონალურ მონაცემებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ თხოვნით, ვეტო დაადოს შალვა შავგულიძის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანონპროექტს. პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის უკვე შეხვდა შალვა შავგულიძესა და ვახტანგ ხმალაძეს.
შალვა შავგულიძის ინიციატივას პარლამენტი ხვალინდელ სესიაზე განიხილავს.




