ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. მათი განცხადებით, ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე მომზადდა.
"ეს მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონი საფუძველზე სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნა იურიდიულმა კომიტეტმა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირება, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა (ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ), განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი არ იქნა მოწვეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა არაერთი დასკვნა, სადაც ხაზგასმულია დღევანდელი სისტემის შეცვლის აუცილებლობა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა. 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა ექსპერტებმა შემაჯამებელი რეკომენდაციები წარმოადგინეს. ექსპერტთა ბოლო რეკომენდაციების შემდეგ სამუშაო ჯგუფი არ ყოფილა მოწვეული. ჯგუფში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა და მასზე კენჭისყრა არ ჩატარებულა. შესაბამისად, გაუგებარია რას ემსახურება და რა უდევს საფუძვლად, სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროეტის ინიცირებას", - ნათქვამია ეკა გიგაურის, ლაშა ტუღუშის, კახა კოჟორიძის, ზვიად ქორიძის და ლიკა საჯაიას განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პრობლემისა და სამუშაო ჯგუფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება წარმოადგენს პროცესუალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფას.





