კრიმინალი

გარდაცვლილი ქალის დედა: ჩემი ყოფილი სიძე ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია

ილიას უნივერსიტეტის გარდაცვლილი ლექტორის მაკა წივწივაძის დედის ინფორმაციით, მისი ყოფილი სიძე ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ნასამართლევი და ამნისტირებულია თუ არა ლაშა მაღრაძე. შსს-ს განმარტებით, თუ ამის შესახებ ინფორმაცია ექნებათ, დაგვიკავშირდებიან.

დღეს ილიას უნივერსიტეტის ლექტორს მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ილიაუნის C კორპუსში მოხდა. წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის დედის განმარტებით, ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, "რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ატყობინებდნენ, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა". მისი ვარაუდით, ლაშა მაღრაძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე მფარველობდა.

პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს მოკლულის სხვა ახლობლებმაც. მათი თქმით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა. ახლობლების ინფორმაციით, წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა პატრულს, ლაშა მაღრაძის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო.

კომენტარები