საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია ქართულ ოცნებაში თავს კომფორტულად გრძნობს. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ალასანიას განმარტებით, საკითხი განხილვის პროცესშია და გადაწყვეტილება 8 ნოემბერს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
"თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის იყვნენ და დავრჩებით იმ ძალად, რომელიც კრავდა საზოგადოებას და, საქართველო, ქართული პოლიტიკა მიჰყავდა ევროპისკენ. ჩვენ მთავარ ღირებულებად ყოველთვის ვაცხადებდით ადამიანს, პიროვნებას და პიროვნულ თავისუფლებას. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების საქართველო იქნება ის ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ევროპას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, კოალიციაში ვგრძნობთ თავს ძალიან კომფორტულად დღეს და ვხვდებით, რომ ის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ის დაწყებული საქმეები, რომელიც მისაყვანი გვაქვს ბოლომდე, ერთად უნდა მივიყვანოთ და ეს შეთანხმება 2016 წლამდე გაგრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სურვილია და პოლიტიკური ნებაც, რომ პარტნიორობა, რომელიც გამოიწრთობა ამ წლების განმავლობაში, გაგრძელდეს, მაგრამ რა ფორმას მიიღებს, ამაზე საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.





