ფარავნის ჰიდროელექტროსადგური

სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი გახსნა.

ფარავნის ჰიდროელექტროსადგური თურქული კომპანიის „ანადოლუ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა.

 "ფარავნის ჰიდროელექტროსადგური - ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ფარავანჰესი არის საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. თურქეთი ჩვენთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში, და მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს არაერთი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ წარმატებით. თურქული ინვესტიციების დიდი წილი მოდის საქართველოს ენერგოსექტორზე, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით ენერგოსექტორის განვითარება საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

"ენერგოსექტორის განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, ეს დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასთან რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 35 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. სადგურის მშენებლობისთვის 200 მილიონი დოლარზე მეტი ჩაიდო, რაც მართლაც რომ სოლიდური ინვესტიციაა ჩვენი თურქი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება კიდევ დამატებით 3 პროექტზე, რომლის მემორანდუმი დღეს საღამოს გაფორმდება. ფარავანჰესის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება 410 მილიონი კილოვატსაათით. ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება საქართველოს ენერგოსექტორში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით მთავრობა ისე განავითარებს ენერგოსექტორს, რომ არ გაჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რის ხარჯზე კეთდება ეს ყველაფერი.

 

კომენტარები