NATO-საქართველოს ურთიერთობა

ალასანია: NATO-ს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სტაბილურობის გამყარებას

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რომელსაც NATO-ს სამიტზე მიღებული პაკეტი ითვალისწინებს, არის შეკავების ფაქტორი იმ აგრესიის, რომელიც რუსეთიდან მოდის. მისი თქმით, NATO-ს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას.

"NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება. ეს არის NATO-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. პაკეტი ემსახურება სწორედ იმას, რომ საქართველოში გაიხსნას NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოსთან ერთად, ბუნებრივია. ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა და ავამაღლოთ როგორც თავდაცვისუნარიანობა, ასევე შეკავების ფაქტორი იმ აგრესიის, რომელიც რუსეთიდან მოდის. ეს გადაწყვეტილია. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის კონტრიბუტორი ძლიერი სტაბილურობისთვის რეგიონში", - აღნიშნავს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებებში შეშფოთება გამოხატა ქართულ მედიაში გავრცელებულ განცხადებებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის შესაძლო განლაგებას ეხება. "ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონულ უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის პოზიცია, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საქართველოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერა. 

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ NATO-ს ბოლო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეზოლუციებმა საგრძნობლად გაზარდა აუცილებლობა, საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწეროს საერთაშორისო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ კუთხით ეფექტურ ნაბიჯად განიხილებოდა რუსული პროექტი, რომელიც გულისხმობდა დისკუსიის მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობაზე საერთო განაცხადის გაკეთებას”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები