სავიზო რეჟიმი

პრემიერი: ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც ახალმა სავიზო პოლიტიკამ პრობლემა შეუქმნა

"მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არ არის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამ პროცესში დაფიქსირებული ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება.

„მინდა განვმარტო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების უკეთ დაცვას, საქართველოში მიგრაციული პროცესების ეფექტურად მართვას. საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ის, რაც მინისტრმა ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში გააკეთა. 11 ახალი სასაზღვრო სექტორი იხსნება მოკლე პერიოდში, მესაზღვრეებს გაეზარდათ ხელფასი, ძალიან ბევრი ეფექტიანი პროექტი განახორციელეს. ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა გაიზარდოს, იყოს მეტი უსაფრთხოება იყოს და უფრო დაცული იყონ ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა. 24 ქვეყნის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეეძლებათ. ნებისმიერი ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს.

სავიზო რეჟიმის გამკაცრების შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უცხოელ სტუდენტებს და ბიზნესმენებს ვიზების გაგრძელების პრობლემები ექმნებათ. ახალი საიმიგრაციიო პოლიტიკის შედეგები გადაცემა თეორემას მსჯელობის საგანიც იყო.

კომენტარები