საქართველოს პრემიერმინისტრი

გვარამია: პრემიერი არღვევს არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმფციას

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. გვარამია მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმე მთავრობას კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ხოლო პროკურატურა ამ საქმეში არ არის მიუკერძოებელი და აღნიშნული საქმე უკვე მართულია.

"ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერმა დაწვრილებით იცის რუსთავი 2-ის ერთერთი ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის ისტორია, არა მხოლოდ ის, თუ რა შეუფარდა მას პირველი ინსტანციის სასამართლომ, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლომ, არამედ დაწვრილებით გადმოსცემს ეთერში მილიონობით აუდიტორიის წინაშე ამ დანაშაულის დეტალებს და არღვევს არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას უკვე აცხადებს დამნაშავედ. პლუს ამას რაღაც შეთქმულების თეორიებს მისდევს და ადანაშაულებს არა მხოლოდ რუსთავი 2-ს არამედ მთელ მედიას რაღაც შეთქმულების მოწყობაში, რომ ეს ფაქტი არ გაგვეშუქებინა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტის ძმის საქმე სერიოზულ კონტროლზე ყავს აყვანილი მთავრობას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა ამ საქმეში მიუკერძებელი არ არის. და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე უკვე მართულია.

ამას თუ დავამატებთ იმ კნოტექსტს, რომელიც სასამართლოში იყო, კერძოდ, საქმის განმხილველი მოსამართლის ცინიკურ განცხადებას, რომ იმედია „რუსთავი 2" ამ საქმესთან დაკავშირებით არ იტყვის, რომ ამ ბიჭს არასრწულწლოვანს "ტაქსის მძღოლი ჩაუდეს". თავის მხრივ, ცხადი ხდება, რომ სასამართლოც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პროკურატურაც გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და ისინი არ არიან ობიექტურები", - განაცხადა გვარამიამ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ძმის საქმეზე კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტები მიკერძოებაში დაადანაშაულა. ღარიბაშვილის თქმით, რუსთავი 2-ს მედიამ ამ ამბის არ გაშუქებით სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო "კოლეგის", ასავალ-დასავალის თანამშრომლის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტის მიმართ, ამგვარი სოლიდარობა არ გამოხატეს.

"სულ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ძმამ დააყაჩაღა 2 ტაქსის მძღოლი. ეს ფაქტი არ გააშუქა არცერთმა ტელევიზიამ, მე როგორც მახსოვს, ეს პიროვნება, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოუშვა. ადამიანი, რომელიც იყო ბრალდებული 2 ადამიანის დაყაჩაღებაში გადამტვრეული ბოთლით, სასამართლომ გამოუშვა. და დღეს მე ვერ მივიღებ ვერავისგან იმ ბრალდებას, რომ თითქოს სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ სასამართლო დღეს არის თავისუფალი...

[ზაზა დავითაიაზე თავდასხმა] არის ყოვლად მიუღებელი ძალადობა. მე გაოგნებული ვარ. არავითარი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს. თუმცა გამოჩნდა სოლიდარობა იმ დროს, როცა თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა 2 ტაქსისტი. თქვენ სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს, შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება!", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები