საქართელოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, შეიცვალა. მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებული რეალობა.
"ჩემი ინფორმაციით, მომხსენებლების მიერ მომზადებული "დრაფტი" შეიცვალა. იცით, რომ ჩვენი მმართველი ძალის საპარლამენტო დელეგაცია არის წარმოდგენილი ადგილზე. იქ ძალიან აქტიურობს ჩვენი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა და მათი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა - ევროპის სახალხო პარტია, რომელიც ერთგვარ სოლიდარობას გამოთქვამს. დოკუმენტში მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია გასცემს ყველა იმ პასუხს, რომელიც არსებობს. ასევე, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებული რეალობა. ხალხის ნებაა გამოხატული. ქვეყანაშია სხვა რეალობა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. კომიტეტი ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ითხოვს. სამუშაო ვერსიაში ასევე მოხვდა მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის და ქონების დაყადაღების საკითხი. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ერევა.





