გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი: ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი, ახლა ჯერი რუსეთზეა

kvira.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას  ყურადღება რუსეთთან ურთიერთობასა და უკრაინის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

"ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას. ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს" - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ევროატლანტიკური არჩევანზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ნატოში გაწევრიანებისკენ გზაზე ფართომასშტაბიანი რეფორმები გრძელდება.

"უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები: ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩვენ დავამკვიდრეთ ურთიერთობის ისეთი ფორმა, როდესაც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა, ამასთან დახმარებას ვთავაზობთ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს"- აღნიშნა პრემიერმა. 

გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას დაეთმო.

"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება" - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, საქართველო გამოიყენებს გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის სტატუსს, რათა წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში. 

"ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე" - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები