11 სექტემბრის ტერაქტი

საგარეო უწყება აშშ-ში მომხდარ 11 სექტემბრის ტერაქტზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ხაზს უსვამს მასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, და კვლავაც განაგრძობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას".

"დღეს, 2014 წლის 11 სექტემბერს, გავიდა 13 წელი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც 3 000-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.ამ ტრაგედიის პირველივე დღიდან საქართველოს და ქართველ ხალხს არ შეუწყვეტია შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის გვერდით ყოფნა. აღნიშნული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა, ამერიკელებისა და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილეობა, რომლის მიზანს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება წარმოადგენს. მიუხედავად ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული ქმედითი ზომებისა, სამწუხაროდ, ტერორიზმი დღესაც უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ხაზს უსვამს მასთან ეფექტიანი ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას, და კვლავაც განაგრძობს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები