გაეროს გენერალური ასამბლეა

პრეზიდენტი: ჩემი ვიზიტი აშშ-ში არის ჩაშლილი, ამის წინაპირობა დღეს დავინახე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად ჩაშლილია. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია დღეს დილით მიიღო. 

"დაპირისპირება სამწუხაროდ გადავიდა პრობლემურ დაპირისპირებაში. გუშინ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და მქონდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ. მაგრამ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი. ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, ეს არის არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით, თუ შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში. ფაქტობრივად, ვიზიტი ჩაშლილია და ამის წინაპირობა დავინახე დღეს დილას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ "მე ვერ გეტყვით, რა ჯგუფების მხრიდან არის ჩაშლილი, მაგრამ ის, რა შეხვედრებისთვისაც ვემზადებოდით...  ინფორმაცია იქამდეც მივიღეთ, ვიცოდით, რომ არ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ის, რომ გადადგამდნენ სერიოზულ ნაბიჯებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა ეფექტური ვიზიტი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია მივიღე დღეს. მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ იმუშავა ამაზე, მაგრამ ეს შედეგები მივიღე დღეს... დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ვიზიტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არის ჩაშლილი".

კითხვაზე, "გაერო-ში პირადი მოწვევა გაგიუქმეს"?, პრეზიდენტი პასუხობს - "გამიუქმეს არა, სირთულეებია ძალიან სერიოზული, რომელიც სამწუხაროდ, უკვე გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩემი ვიზიტის დროს, ვერ განხორციელდებოდა ის სამუშაოები, რომელიც მე უნდა განმეხორციელებინა. ეს მე გავიგე დღეს დილას".

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს, გახშირებული კრიტიკა ისმის პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

"მესმის, დემოკრატია რთული განსახორციელებელია, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. მინდა, ვუპასუხო კრიტიკას, რომელიც ჩემ მიმართ მოდის აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან, ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული და პოლიტიკური დაპირისპირება. აქ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძალიან პრინციპული მცდელობა, საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონირებადი დემოკრატია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებას. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარეობს. არცერთ მომენტში არ მქონია მცდელობა, რომ რამე პოლიტიკურად დაპირისპირებულად ნაბიჯი გადამედგა, მე ვცდილობ და გავნაგრძობ მცდელობას ყველა ინსტიტუტის ერთნაირად გაძლიერების. აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიციებიც, რომელსაც ვაცხადებ და ვახმოვანებ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით გავრცელდა ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ "საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს". როგორც ივანიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ორჯერ ორი ოთხია, რომ გაერო-ს სხდომას პრემიერი უნდა დაესწროს.

ამასთან, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება. ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

ასევე, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება. 

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - თქვა პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები