გაეროს გენერალური ასამბლეა

პეტრიაშვილი: პრეზიდენტი ჯინიანი ბავშვივით იჩემებს გაერო-ში წასვლას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა კარგად იცის, რომ "მისი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრება ქვეყნის იმიჯსაც დააზარალებს და პრეზიდენტის ინსტიტუტსაც". როგორც პეტრიაშვილი Facebook-ში წერს, "მან ასევე კარგად იცის, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას, ჯინიანი ბავშვივით იჩემებს წასვლას და, ჩემი აზრით, ეს წასვლა მხოლოდ ნიუ იორკში წასვლა არაა".

"რა პრობლემაა. სადაც უნდა იქ წავიდეს. ოღონდ გავერკვეთ და დროზე გავერკვეთ. გამოვიდეს პრეზიდენტი და თქვას ხმამაღლა, "მთავრობა თავისთვის არის, მე ჩემთვის" და თვითონაც ამოისუნთქავს, გულზე მოეშვება. მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხალხის არჩევანს და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სახელმწიფო მოხელე ვიქნები. მთელ ოპოზიცურ სპექტრს კი გაუხარდება, დროებით წამოვა სეტყვა და კრიტიკის ქარიშხალი, მაგრამ სიცხადე ყველაფერს სჯობს. ეგრე აჯობებს ქვეყნისთვის, ხალხისთვის და მისთვისაც", - აცხადებს პეტრიაშვილი და მათ მიმართავს, "ვითომ რომ ვერ ხვდებიან და გულუბრყვილო სახეებით კითხულობენ: რა დაშავდება, რომ წავიდეს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე? რა, კლიმატური ცვლილებების სამიტი უმნიშვნელო ღონისძიებაა?". მინისტრის განცხადებით, "დაშავდება. ჩვენი ქვეყანა რომ 194 ქვეყანაში ამ უცნაურობით გამოირჩევა, ყველა გაიგებს, თუ უკვე არ იცის, და დასცინებენ, დაშავდება. ერთი ქვეყნიდან გენერალურ მდივან ბან კი მუნთან ორი შეხვედრის მოთხოვნით რომ გაეროს სამდივნო დაგვცინებს, მაგრად დაშავდება. ერთ შენობაში ორი დელეგაციით გადაადგილება, ორი ლოგისტიკა, ორი უსაფრთხოება შაყირის და იმავდროულად წუხილის საგანი რომ გახდება, დაშავდება".

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ვინც ამ შეკითხვას სვამს, ძალიან კარგად იცის, რომ დაშავდება, მაგრამ ნაპრალების გაჩენით არის დაკავებული.

"ოღონდ ეს დაპირისპირება გამოჩნდეს და ქვეყნის იმიჯს არაფრად აგდებთ. პოლიტიკური ოპონენტების ხალისიან და ბედნიერ სახეებს ვხედავ და სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს. მათთვის ნატო-ს სამიტიც წარუმატებელი იყო. ასოცირებასაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ მათ მმართველობაში დაესვა ბეჭედი, ახლა კი ქვეყანა მკვდარია. გაჩერებულია. და წყალსაც წაუღია. ოღონდ დღევანდელმა მთავრობამ წაიფორხილოს და რას დაეძებ. ვწუხვარ, რომ აშკარა სიბეცესთან გვაქვს საქმე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიკვირს, როდესაც ოპოზიციას კრუნჩხვები ემართება, რადგან რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, ქართველი ხალხი და ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ბრიუსელშიც ხელმოწერაზე, გაერო-შიც გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატურ ცვლილებების სამიტზე, უელსში ნატო-ს სამიტზე და გნებავთ, ამერიკელი სკაუტების შეკრებასა თუ ევროპელ არქიტექტორთა კონფერენციაზე ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და ყველგან მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა", - წერს მინისტრი facebook-ში და ყველას მოუწოდებს, "საგარეო საქმეთა სამინისტროზე ისრების გადაყვანას და ხელების შეწმენდას თავი დაანებონ".

"ერთ წელიწადში ერთდროულად ასოცირების შეთანხმებაზე და გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტზე, ქვეყანაში ექვსი ქვეყნის პრეზიდენტის, ოცზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მდივნისა და მინისტრების ვიზიტებზე, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოსტზე დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში აშშ-ში და გერმანიაში, ბრიუსელში ნატო-სა და ევროკავშირში და კიდევ ორმხრივ ფორმატში განხორციელებულ ვიზიტებზე უკეთესი შედეგი დადეთ - ვიმეორებ, ერთ წელიწადში, უფრო მაგარი მიღწევები გვაჩვენეთ და პირველი ვიქნები, ვინც ამას ხმამაღლა დავაფასებ და ტაშს დავუკრავ", - აცხადებს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება. ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთასამინისტროს ვალდებულები აქვს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სახელმწიფოს წინაშე და ევალება პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფა.

კომენტარები