გაეროს გენერალური ასამბლეა

ფანჯიკიძე: პრეზიდენტთან ვისაუბრებ, რატომ არ უნდა წავიდეს გაეროში ორი დელეგაცია

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მინისტრი პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე უთხრა, გადაწყვეტილებას, საქართველოს უმაღლესი პირები სად და როდის უნდა წავიდნენ, პირადად ის არ იღებს. 

"როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრი არის ის, რომ ორი დელეგაციის წასვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე არის უხერხული. რაც შეეხება ჩემს კომუნიკაციას, მე დღის განმავლობაში მექნება პრეზიდენტთან შეხვედრა და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგამდე მივალთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, მისი აზრი არის ის, რომ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრება იქნება უხერხული და გაუგებარი ყველასთვის, რადგან იქ ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.

"ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციიდან პრეზიდენტს გავაცნობ ჩემს პირად მოსაზრებას, ასევე იმ საუბრების შესახებ, რომელიც იყო მთავრობაში, როდესაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ პრემიერი გაემგზავრება. ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

„მე მგონია, რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მიპატიჟებას, ამ წერილზე პასუხი პრეზიდენტის საქმეა და არა სხვა უწყებების. იმიტომ, რომ პრეზიდენტს გააჩნია წერილის დაწერის, პასუხის გაცემის და თავის პოზიციის დაფიქსირების შესაბამისი უნარი", - ამბობს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულები აქვს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სახელმწიფოს წინაშე და ევალება პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფა.

კომენტარები