უელსის სამიტი

პეტრიაშვილი: NATO-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს მნიშვნელოვანი ელემენტებით

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, NATO-ს უელსის სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავს, - ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან უელსში გამგზავრების წინ ისაუბრა:

"NATO-ს სამიტზე საქართველო მიიღებს პაკეტს, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. ესაა, პირველ რიგში, სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, ეს არის NATO-ს ერთობლივი წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება NATO-ს სამხედრო შესაძლებლობებთან", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია უელსის სამიტზე დასასწრებად დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკვე ლონდონში იმყოფება. უელსში NATO-ს სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები